четверг, 8 января 2009 г.


გამარჯობათ! მე ვარ ანი კარელიძე, შიდა ქართლის ქალაქ გორიდან. ჩვენს ოჯახში ანა არავის ერქვა და ამიტომ პირველი ანა მე ვარ. გაინტერესებთ რატომ დამარქვეს ეს სახელი? უბრალოდ ჩემს მშობლებს მოსწონდათ სახელი ანა და დამარქვეს.
მე ბებოს და პაპას ვკითხე, თუ რა იცოდნენ ჩემი სახელის შესახებ და მათგან გავიგე წმინდა ანას ისტორია.
ანა - ღვთისმშობლის ,მარიამის დედის სახელია. ჩვენი ოჯახი ყოველთვის აღნიშნავს ამ დღესასწაულს, ახლობლები მირეკავენ და მილოცავენ ანას ხსენების დღეს.



მართლი ანა - დედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა
ხსენება 25 ივლისი (7 აგვისტო)
ნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ–ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით გამოირჩეოდნენ.მაგრამ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ, რაც მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა სასჯელად ითვლებოდა.
ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალი ჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: „ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო“.
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასული, სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა“. მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისამებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს , სადაც იზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად.
მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში 79 წლის ასაკში ,ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.

ანა - ძველი ებრაული სახელია და ნიშნავს ,,სასურველს", "სანდომიანს", "საამოს". მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.

მე როგორი ვარ ?

- ალერსიანი
- ნაზი
- ალალი

მე ეს პროექტი იმიტომ მომეწონა, რომ გავიგე ჩემი სახელის წარმოშობის ისტორია.